https://github.com/Jilberta/CloudLibrary
https://github.com/gkiko/CloudLibrary

„ბიბლიოთეკა ღრუბლებში“ (Project CloudLibrary) ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რა ზომის შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა? ჩვენ გვჯერა, რომ ის შეიძლება მთელი ქალაქის ზომის გავხადოთ... თბილისი, ერთი დიდი ბიბლიოთეკა... ყველა ქუჩაზე, ყველა გამზირზე, ბაღებში, სკვერებში თუ სხვადასხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე დავდგავთ „წიგნების თაროებს“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისვლა და სასურველი წიგნის თაროდან ჩამოღება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში განათლების მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია, წიგნის კითხვის კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა, მითუმეტეს ახალგაზრდებში. ყველაზე მეტად დასანანი და სამწუხარო ის ფაქტია, რომ დღეს უკვე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წიგნების ხელმისაწვდომობა თითქმის აბსოლუტურ მაჩვენებელს უახლოვდება. ერთადერთი პრობლემა მხოლოდ წაკითხვის სურვილის არ არსებობაში მდგომარეობს.

ამის გათვალისწინებით, ჩვენი პროექტის მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ კითხვის კულტურას და მისდამი მეტი დაინტერესება გამოვიწვიოთ.

ჩვენი პროექტი არის მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს ექნებათ წვდომა კონკრეტულ წიგნებზე, საკითხავ მასალაზე, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილებიდან და სწორედ ისეთ დროს, რომ მათთვის კითხვა იყოს საინტერესო და საჭირო.

მაგ: მომხმარებელი რომელიც აპლიკაციას გახსნის შოთა რუსთაველის ძეგლთან, აპლიკაცია დააფიქსირებს მომხმარებლის მდებარეობას და შესთავაზებს ვეფხისტყაოსანის გადმოწერას. ქალაქის ბიბლიოთეკად გადაქცევაც სწორედ ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა გრძედსა და განედზე განთავსდება წიგნები, რომლის გახსნაც და წაკითხვაც შეეძლებათ იმ კონკრეტულ ადგილებში. ამავე დროს კონკრეტულ ისტორიულ ადგილებში ექნებათ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიიღონ იმ კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებული წიგნები ან ისტორიები, თუნდაც ვიკის სახით.

მოკლედ რომ ვთქვა ჩვენ აპლიკაციას აქვს 3 ძირითადი ფუნქცია:

1) წიგნების ჩამოტვირთვა და წაკითხვის შესაძლებლობა კონკრეტული გეოლოკაციური პარამეტრების გამოყენებით.

2) კონკრეტულ ადგილებში ვირტუალური შეტყობინებების დატოვების შესაძლებლობა. მაგ: „აქ იყო გოდერძი მახარაშვილი (ტანკისტ)“. (რაც გარკვეულწილად ვირტუალურ რეალობასთან (augmented reality) იქნება ინტეგრირებული).

3) წიგნების, მოთხრობების, ისტორიების, ლექსების ჩატვირთვა სპეციალური QR კოდების დახმარებით.

პირველი ფუნქციონალი ზოგადად უკვე ავხსენით. რეალურად ადამიანები ყოველდღიურად ძალიან ბევრ დროს კარგავენ უბრალოდ გაჩერებაზე დგომისას, ან სხვადასხვა დაწესებულებაში რიგში ყოფნისას ან უბრალოდ ისვენებენ სხვადასხვა რეკრეაციულ ადგილებში. ჩვენი აზრით, ეგ არის დრო როდესაც ყველაზე მეტად იქნება ფუნქციონალი გამოსადეგი მომხმარებლისთვის. ასევე აპლიკაცია აძლევს მომცმარებელს საშუალებას, ყოველი საკუთარი მოქმედება გაავრცელოს სოციალურ ქსელში, რაც შეიძლება საკუთარი სოციალური სტატუსის ასამაღლებლად გამოიყენოს.

რაც შეეხება მეორე ფუნქციონალს, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დატოვონ საკუთარი „წარწერა“ ნებისმიერ ადგილას, რომლის ნახვის საშუალებაც ექნება ნებისმიერ სხვა მომხარებელს მხოლოდ იმ კონკრეტულ ადგილას. ანუ რაც რეალურ სამყაროში ხდება, ვცდილობთ ის ავსახოთ ჩვენს აპლიკაციაში. ქუჩებში, სადარბაზოებთან, სხვადასხვა დაწესებულებებთან დავტოვოთ ჩვენი წარწერა ინფრასტურუქტურის დაზიანებისა და ხულიგნური დანაშაულის ჩადენის გარეშე. „წარწერა“ შეიძლება იყოს საკუთარი შეფასება ან რჩევა სხვებისთვის იმ ლიტერატურაზე, რომლის წაკითხვის საშუალებაც არის იმ კონკრეტულ ადგილას. ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, თუნდაც სიყვარულის ახსნა საყვარელი ადამიანის სახლის წინ: „სალი მიყვარხარ“, თუნდაც საშვილიშვილო წარწერის ამოტვიფრვა: „ აქ იყო გიორგი, 2014წ.“, ან თუნდაც „თავისუფლება ცოტნეს“.

ხოლო მესამე ფუნქციონალის საშუალებით, მომხარებლებს აქვთ საშუალება ყველგან ატარონ ან გახსნან საკუთარი საყვარელი წიგნების კოლექცია. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული წიგნისთვის დააგენერიროს QR კოდი, რომელიც იქნება ჩვენი სერვერიდან წიგნის გადმოსაწერი ლინკი. მომხმარებელებს შეუძლიათ დაბეჭდონ ეს კოდები და გააკრან სტიკერების ან პოსტერების სახით ნებისმიერ ადგილას, შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი საყვარელი წიგნების თაროები საკუთარ სადარბაზოში, საყვარელ ადგილას, თუნდაც საკუთარ მაისურებზე და ცოცხალი ბიბლიოთეკის სახით იმოძრაონ, რაც ადამიანებს შორის ინტერაქციას გაზრდის და სავსებით შესაძლებელია ქუჩებში ერთმანეთი გააჩერონ და ერთმანეთს სთხოვონ წიგნის ჩამოტვირთვა პირდაპირ მაისურიდან.

ჩვენი აზრით, პროექტის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა ის, რომ იგი იქნება პლატფორმა და არა დახურული, წინასწარ განსაზღვრული ფუნქციონალის მქონე აპლიკაცია, ანუ იქნება თვით განვითარებადი და ცოცხალი, სადაც მომხმარებელებს შეეძლებათ თავისი წვლილის შეტანა, შეეძლებათ სხვადასხვა მიმართულებით განავითარონ იგი და საერთოდ სხვა ფუნქციონალიც კი შესძინონ მას.

ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ჩვენი აპლიკაციის ფუნქციონალი გამოიწვევს დაინტერესებას როგორც ახალგაზრდებში, ისე შედარებით უფროს ადამიანებშიც. გვინდა რომ წიგნის კითხვა გავხადოთ სახალისო და არა მოსაწყენი საშუალება. გავზარდოთ ადამიანებს შორის ინტერაქცია და ამავდროულად ავწიოთ კითხვის კულტურის მაჩვენებელი.

Built With

Share this project:

Updates